პოზიტიური კამპანია
“მარტის აქციების” შემდგომ ახალგაზრდების წინააღმდეგ მიმართული ნეგატიური კამპანიის პარალელურად, თითქმის მაშინვე დაიწყო საპირისპირო ნარატივების გავრცელება ხელისუფლებისა და პრო-სახელისუფლებო აქტორების მხრიდან. იმის გათვალისწინებით, რომ მარტის მოვლენებში ახალგაზრდების ჩართულობის უარყოფა ფაქტობრივად შეუძლებელი იყო, მათი “კარგ და ცუდ” ბანაკებად დაყოფა პრო-სახელისუფლებო აქტორებისთვის ყველაზე მომგებიანი სტრატეგია აღმოჩნდა.
კვლევის მთავარი იდეა ეფუძნება ფაქტს, რომ ბოლო პერიოდში შესამჩნევად გააქტიურებული ინიციატივები და რიტორიკა, რომლებიც ახალგაზრდების კონკრეტულ სეგმენტს მიმართება ერთი დიდი ტაქტიკის ნაწილია, რასაც ნაშრომში “სტაფილოსა და ჯოხის” მეთოდს ვუწოდებთ. ხოლო ამის საბოლოო მიზანი ახალგაზრდების, როგორც საზოგადოების მნიშვნელოვანი და აქტიური სეგმენტის მიმხრობაა.
პოზიტიური კამპანიის ქრონიკა
12 მარტის ინტერვიუში პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციებზე ისაუბრა. აქ პირველად გამოიკვეთა აშკარა დაყოფა ახალგაზრდების ორ ჯგუფს შორის: ერთ მხარეს იდგნენ “სატანისტები”, “დესტრუქციული ძალების მიერ მართული” სტუდენტები, ხოლო მეორე მხარეს - “გულანთებული ახალგაზრდები”, რომლებიც “არ იყვნენ აგრესიულები, მშვიდად იდგნენ, აპროტესტებდნენ, მხარს უჭერდნენ ევროპის იდეას”.
“დემონიზების” პროპაგანდისტული ტაქტიკა, რომელიც ადამიანების “კარგ” და ცუდ” ჯგუფებად დაყოფას ისახავს მიზნად, ამ პროცესს კარგად ხსნის. ეს მეთოდი სოციალური დაყოფასა და აღქმების მანიპულაციას უზრუნველყოფს. ამ შემთხვევაში, “არააგრესიული”, “გულანთებული” ახალგაზრდები წარმოჩენილი არიან, “სატანისტი”, “მართული” და “პროვოკატორი” თანატოლების საპირწონედ.
“კარგ” და “ცუდ” ახალგაზრდებად დაყოფის ეს ტაქტიკა შემდგომში სხვა პროსახელისუფლებო აქტორებმაც სწრაფად აიტაცეს.
ახალი ინიციატივები
ცნობილია, რომ “მარტის მოვლენების” შემდგომ, განათლებისა და მეცნიერების ახალი მინსიტრი - გიორგი ამილახვარი დაინიშნა. ახალი მინისტრის წარდგენის შემდეგ, მომდევნო თვეების განმავლობაში, პრემიერმა რამდენიმე მნიშვნელოვანი ინიციატივის შესახებ განაცხადა, რომლებიც სტუდენტებს შეეხებოდა: სტიპენდიების მიმღები სტუდენტების რაოდენობის გაორმაგება და სტიპენდიის გაზრდა; 2023 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში საუკეთესო შედეგის მქონე სტუდენტებზე გაცემული 1 წლიანი სტიპენდია; სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის დავალიანების ჩამოწერა; უცხოეთში სწავლის დაფინანსება 1000-ზე მეტი “საუკეთესო” სტუდენტისთვის.
ამ ინიციატივებთან ერთად, ხელისუფლების წარმომადგენლების რიტორიკასა და მთავრობის ოფიციალური ფეისბუქ გვერდების პოსტებში ხშირად შევხვდებოდით კონკრეტულ, ხშირად განმეორებად ფრაზებს: “წარჩინებული სტუდენტები”, “საუკეთესო”, “ნიჭიერი” ახალგაზრდები და სხვა. პროპაგანდის ტექნიკებში ერთ-ერთი გამორჩეული მეთოდია ე.წ “საქებარი სიტყვები” (Virtue Words), რაც გულისხმობს დადებითი მნიშვნელობის მქონე სიტყვების ხშირ და განმეორებად გამოყენებას, საზოგადოებაში პოზიტიური განწყობების გამოსაწვევად. მას შემდეგ, რაც “სატანისტების” რიტორიკამ უარყოფითი რეაქციების ტალღა გამოიწვია, ერთგვარი “დაბალანსების” მიზნით, ახალგაზრდების “კარგ” ჯგუფზე კონცენტრირება და ამ სეგმენტის ნაწილის “გადმობირება” ამ ტაქტიკის ნაწილია